Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სამართლისა და პოლიტიკური აზროვნების ისტორიის ნარკვევების“ მეხუთე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

ღონისძიება თსუ-ის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გახსნა. გამოცემა ცნობილ ქართველ მეცნიერს, უნივერსიტეტში იურისტთა არაერთი თაობის აღმზრდელს, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ მიხეილ (მიხაკო) კეკელიას ნათელ ხსოვნას მიეძღვნა.

 

„მიხეილ კეკელია არის იმ თაობის წარმომადგენელი, რომელმაც საქართველოში სამართლის ისტორიის დისციპლინის შექმნას ჩაუყარა საფუძველი და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება ჩვენს უნივერსიტეტში. ის არის შემსწავლელი ლაბორატორიის დამაარსებელი საქართველოში. მან შექმნა ეპოქა არა მარტო პრაქტიკული საქმიანობის მიმართულებით, არამედ სამეცნიერო თვალსაზრისითაც. სტუდენტებმა უნდა იცოდნენ, რომ სწორედ ასეთი ადამიანები ქმნიდნენ სამეცნიერო სკოლებს უნივერსიტეტში“, -აღნიშნა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ.

 

​იურიდიული ფაკულტეტისათვის აღნიშნული წიგნის გამოცემა მეტად მნიშვნელოვანია, რადგანაც ხუთტომეული სწორედაც რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან არსებული თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ინიციატივით გამოიცა. კრებულის მომზადებაში სამოცზე მეტმა ქართველმა მეცნიერმა და პრაქტიკოსმა იურისტმა მიიღო მონაწილეობა. პროფესორ მიხეილ კეკელიას ბიოგრაფიასთან ერთად წიგნს თან ერთვის მის შესახებ ოჯახის წევრების, სტუდენტებისა და კოლეგების საინტერესო მოგონებები. ასევე  ქართველი მეცნიერის მდიდარი შემოქმედებითი მემკვიდრეობის ამსახველი ბიბლიოგრაფია, რომელიც 160-ზე მეტ პირველხარისხოვან სამეცნიერო ნაშრომს, მონოგრაფიას, სახელმძღვანელოსა თუ საგაზეთო წერილს მოიცავს.

 

ხუთტომეულზე მუშაობა იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გოჩა ფერაძის რედაქტორობით ჯერ კიდევ 2010 წელს დაიწყო. კრებულის გამოცემის მიზანია XX საუკუნეში მოღვაწე ხუთი დიდი ქართველი იურისტის, კერძოდ, 1947-1983 წლებში იურიდიულ ფაკულტეტზე სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის კათედრის გამგის პროფესორ ივანე სურგულაძის, აკადემიკოს ისიდორე დოლიძის, პროფესორები დავით ფურცელაძის, გიორგი ნადარეიშვილისა და მიხეილ კეკელიას ღვაწლის წარმოჩენა და დაფასება, რომლებმაც მთელი თავიანთი ცხოვრება ქართული სამართლის ისტორიის ქართული თუ უცხოენოვანი ძეგლების მოძიებას, შესწავლასა და წარმოჩენას მიუძღვნეს.